უილიამ შექსპირის „ქარიშხლის“ ზოგადი მიმოხილვა

უილიამ შექსპირი თავისი მოღვაწეობის ე.წ. მესამე პერიოდში (1608–1612) ქმნის „პერიკლეს“, „ციმბელინს“, „ზამთრის ზღაპარსა“ და „ქარიშხალს“. ნიკო ყიასაშვილთან ვკითხულობთ, რომ „ციმბელინში“, „ზამთრის ზღაპარსა“ თუ „ქარიშხალში“ გამოვლენილი ერთგვარი იდეური კომპრომისის კომპენსაციას თეატრი მათი პომპეზური დადგმებით ახდენდა“. კრიტიკოსები ბევრს საუბრობენ იმის თაობაზე, რომ „ქარიშხალს“ არავითარი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ღირებულება არ გააჩნია. პიესა ერთი გადაკითხვით მართლაც რომ უმნიშვნელო და ღრმა აზრს მოკლებული ეჩვენება მკითხველს, თუმცა , თუ ამ ნაწარმოებს საფუძვლიანად შევისწავლით, წინა პლანზე წამოწეულ რამდენიმე წამყვან პრობლემას ნათლად დავინახავთ. მაგალითად, მიმტევებლობის, პატიების თემას, ასევე ერთადერთი კანონიერი ქალი მემკვიდრის თემას, რომელიც ზემოთ დასახელებულ სხვა პიესებშიც გვხვდება.

ჩემი სასემინარო ნაშრომი „ქარიშხლის“ ზოგად მიმოხილვას წარმოადგენს. ამ უკანასკნელში ვცდილობ, გავაერთიანო პიესასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი. კერძოდ, მიმოვიხილავ ნაწარმოების შექმნისას გამოყენებულ შესაძლო ლიტერატურულ წყაროებს, პიესის შექმნის განმაპირობებელ გარემოებებს, „ქარიშხალში“ ( და ზოგადად შექსპირის მთელ შემოქმედებაში ) ზმური მეტყველების გამოყენების ხვედრით წილს და სხვა.

თავი I. უილიამ შექსპირის „ქარიშხალი“ (შინაარსი).


ნეაპოლის კანონიერ ჰერცოგ პროსპეროს მისი ძმა ანტონიო უკანონოდ დააკარგვინებს ტახტს. ანტონიოს დახმარებას უწევს ნეაპოლის მეფე ალონზო. იგი თავის ერთგულ მსახურს, კეთილშობილ გონზალოს დაავალებს პროსპეროს ქვეყნიდან გადაკარგვას. გონზალოს სიკეთის წყალობით პროსპერო და მისი ქალიშვილი მირანდა უვნებლად მიაღწევენ ერთ–ერთ კუნძულს, რომელზეც პრიმიტიული არსება, სახელად კალიბანი ბინადრობს. მილანის კანონიერი ჰერცოგი მაგიურ ძალებს ფლობს. წლების შემდეგ, პროსპეროს ეძლევა საშუალება, მტრებზე შური იძიოს. თავისი მსახური სულის, არიელის, დახმარებით ის ალონზოს, ანტონიოს და მათი გემის ეკიპაჟის სხვა წევრებს ქარიშხალს დაატეხს თავს. სასოწარკვეთილნი კუნძულზე აღმოჩნდებიან, თუმცა ისინი ნეაპოლის უფლისწულს ვერსად პოულობენ და ერთადერთი კანონიერი მემკვიდრის შესაძლო დაღუპვა აძრწუნებთ. სინამდვილეში უფლისწული ფერდინანდი ცოცხალია და ის პროსპეროსთანაა. ფერდინანდსა და მირანდას ერთმანეთი შუყვარდებათ. პროსპერო სულაც არ არის ამის წინააღმდეგი, პირიქით. საბოლოოდ, ვხედავთ, რომ ჯადოქარი თავის მტრებს დანაშაულს შეუნდობს, თუმც, მხოლოდ მას შემდეგ რაც მათ საკადრისად დასჯის. მირანდასა და ფერდინანდის შეუღლებით დრამატურგი ხორცს ასხამს იდეას, რომ მტრების შერიგება მომავალმა თაობებმა უნდა განამტკიცონ და გაამყარონ.

თავი II. „ქარიშხლის“ შესაძლო სიუჟეტური წყაროები. 


ცნობილია, რომ უილიამ შექსპირი თავისი მოღვაწეობის პერიოდში სხვადასხვა ლიტერატურულ–სიუჟეტურ წყაროებს უხვად იყენებდა. ხატოვნად რომ ვთქვათ, ის თითქოს მუდმივ იდეურ შიმშილს განიცდიდა და ახალ–ახალ საკბილოს ეძებდა. მსისი ზოგიერთი ნაწარმოების კონკრეტული სიუჟეტური წყაროები ცნობილია, თუმცა, არის ისეთი პიესებიც, რომელთა წყაროებიც მეტად ბუნდოვანია და ბურუსით მოცული. ერთ–ერთ–ერთ ასეთ პიესას „ქარიშხალი“ წარმოადგენს.

„ქარიშხლის“ კონკრეტული ლიტერატურული წყარო ( თუ ის საერთოდ არსებობდა) მეცნიერთათვის უცნობია. მაგრამ სახელდება რამდენიმე სავარაუდო წყარო, რომელიც შეიძლება საფუძვლად დადებოდა ამ ნაწარმოების შექმნას. ესენია:

1) ჯაკობ აირერის გერმანული პიესა „Fair Sidea“, რომელიც 1618 წლამდე არ დაბეჭდლა. შესაბამისად, შექსპირს ის მხოლოდ გადმოცემით შეიძლება, სცოდნოდა;

2) ესპანური ზღაპარი, რომელიც შედიოდა ანტონიო დე ესლავას კრებულში სახელწოდებით „ზამთრის ღამეები” (1609 წელი). ზღაპრის შინაარსი ასეთია: ბულგარეთის მეფე, რომელიც მაგიურ ძალებს ფლობს, საბერძნეთის იმპერატორის მიერ განიდევნება თავისი სამშობლოდან. იგი ქალიშვლითან ერთად ადრიატიკის ზღვას მიაშურებს, ჯადოსნური კვერთხით წყალს შუაზე გააპობს და ზღვის ფსკერზე სასახლეს დაიდგამს. ორი წლის შმდეგ ბულგარეთის მეფე ქალიშვილს საქმროდ მოუყვანს თავისი მტრის უფროს ვაჟს, მამისგან უმემკვიდრეოდ დარჩენილს. ქორწილის მიმდინარეობის პროცესში სწორედ სასახლის ზემოთ ქარიშხალი დაღუპავს სასიძოს უმცროს ძმასა და მის ეკიპაჟს. გარდაიცვლება თავად იმპერატორიც. საბოლოოდ ძალაუფლება მის უფროს ვაჟს რჩება. თავის კანონიერ უფლებებს იბრუნებს ბულგარეთის მეფეც;

3) 1609 წელს ვირჯინიული ექსპედიციის (რომელსაც სერ ჯორჯ სომერსი ხელმძღვანელობდა) მოყოლა შტორმში. აღნიშნულთან დაკავშირებით ცნობები 1610 წელს დაიბეჭდა.

თავი III. მიტევების თემა “ქარიშხალში“. 


ბევრი მეცნიერი ირწმუნება, რომ უილიამ შექსპირის დანარჩენ გვიანდელ რომანსებთან ერთად, „ქარიშხალი“ არის პიესა მიტევების, შერიგების შესახებ და იმ რწმენის შესახებ, რომ მომავალი თაობები ამ შერიგებას საბოლოოდ განამტკიცებენ. მართალია, ნათელია, რომ პატიების თემა პიესის საფუძველია, მაგრამ საკამათოა ის , თუ რამდენად ახდენს შექსპირი პატიების რეალიზებას. „ქარიშხლის“ მთავარ პერსონაჟთა ქმედებების შესწავლა ( კერძოდ, პროსპეროსი) გვიჩვენებს, რომ პიესაში ნამდვილი, ჭეშმარიტი მიტევება და შერიგება ან მეტად მცირეა ან საერთოდ არ არსებობს [1].

უპირველეს ყოვლისა, უნდა განვსაზღვროთ კრიტერიუმი, რომლითაც შევაფასებთ “ქარიშხალში“ მიტევების, შემწყნარებლობის ქმედითობას. უდავოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული სწავლება (დარიგება) მიმტევებლობის ჭეშმარიტ არსზე მოიძებნება ქრისტეს ქადაგებაში მთაზე:

ლუკა 6:27–35 

„ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს.

აკურთხებდეთ თქვენს მაწყევრებს და ლოცულობდეთ თქვენივე შეურაცხმყოფლებისათვის...

თუ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ თქვენთვის რა მადლია? ვინაიდან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი...

ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური“.

პიესის დაწყების მომენტიდან ჩანს, რომ პროსპეროს ქცევა ქრისტიანული მიმტევებლობის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება (არ შეესაბამება). ბედისწერა პროსპეროს მტრებს მის ხელში ჩაყრის და მილანის კანონიერი ჰერცოგიც შურისძიების შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. შურისძიების სურვილი განდევნის წლებში მასში დამარხულია, მიძინებულია, და ახლა მისი მტრების მოულოდნელი ჩამოსვლით, გამოჩენით თორმეტი წლის წინათ ჩადენილი უსამართლობა კვლავაც აქტიურად წარმოუდგება თვალწინ პროსპეროს, აღუძრავს ემოციებს, რისხვას და უძლიერებს მოქმედების სურვილს.

მართალია, პროსპეროს არ აქვს განზრახული, ავნოს გემზე მყოფთაგან რომელიმეს, და თავის მსახურ სულს, არიელს, ეკითხება სრული გულწრფელობით არიან თუ არა ისინი უვნებელნი, მაგრამ იგი ამავე დროს არ ერიდება იმას, რომ ადამიანები აგონიაში ჩაყაროს (გემზე მყოფნი ხომ ფიქრობენ, რომ პრინც ფერდინანდის სიკვდილი საშინელ უბედურებას გამოიწვევს). ჯადოქარი პროსპერო დაჟინებით ცდილობს, ისინი ვინც მას უსამართლოდ მოეპყრნენ თავიანთი დანაშაულისათვის დაიტანჯნონ, დაიტანჯნონ მანამ, სანამ პროსპერო მათ შენდობას, მიტევებას არ აღუთქვამს. მილანის ყოფილი ჰერცოგი არად აგდებს იმ ფაქტს, რომ გონზალოს მსგავსი უდანაშაულო და კეთილშობილი ადამიანიც იტანჯება. მოგვიანებით არიელი ეტყვის მბრძანებელს, რომ პატიოსანი მოხუცი ლორდი გონზალოს ცრემლები მის წვერზე ჩამოედინებიან ("The good old lord, Gonzalo/His tears run down his beard"), და სთხოვს მოუწოდებს, შეწყვიტოს გემზე მყოფთა უბედურება, მათი ტანჯვა–წამება.

ზოგიერთი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ საზღვაო კატასტროფაში მოხვედრილი ადამიანების მიმართ არიელის მიერ გულწრფელი წუხილის, თანაგრძნობის გამოხატვით პროსპერო გარდაქმნას განიცდის. მასში აღმოცენდება პატივისცემა მითითებისა „გიყვარდეს მტრები შენი“, თუმც, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ რაც ტრიუმფალურ გამარჯვებას მოიპოვებს და იხილავს მტრებს მგლოვიარეს, დარდიანს, დანაშაულისათვის საკადრისად დასჯილთ. დამატებითი მტკიცებულება იმის დასასაბუთებლად, რომ პროსპეროს გულმოწყალება, დანდობა არაბუნებრივია, ხელოვნური და ნაძალადევი, და რომ ჭეშმარიტად გულწრფელი შერიგების განვითარება მარცხს განიცდის, ჩანს მაშინ, როდესაც ჯადოქარი შეხვდება მეფე ალონსოს, სებასტიანს, ანტონიოს და განუცხადებს მათ, რომ ისაა მილანის კანონიერი ჰერცოგი. პროსპერო იმედოვნებს, რომ მისი გეგმა გაამართლებს და მეფე ალონსო თავის მხლებლებთან ერთად აღიარებს პროსპეროს კანონიერ უფლებებს და თანაც პატიებასაც სთხოვს მას. თუმცა, ალონსოს სინანული რეალურად იმითაა განპირობებული, რომ მის მირ პროსპეროს მიმართ ჩადენილ საქციელს ფერდინანდის დაკარგვა მოჰყვა შედეგად. ალონსო ბოდიშს უხდის პროსპეროს და პროსპეროც უმალ შეუნდობს მას: : "First, noble friend/Let me embrace thine age, whose honor cannot be measured or confined". მაგრამ მათი ეს შერიგება ზედაპირული ხასიათისაა.

ნუთუ მართლა მიუტევებს პროსპერო თავის მოძულეებს? მისი სიტყვები წარმოთქმული ანტონიოს მიმართ ამაზე ნამდვილად არ მეტყველებენ:

„For you, most wicked sir, whom to call brother
Would even infect my mouth, I do forgive
Thy rankest fault, -- all of them; and require
My dukedom of thee, which perforce, I know,
Thou must restore“ [1].

პროსპერო საკუთარ ძმას დანაშაულს „შეუნდობს“, თუმცა, ამავდროულად იგი ანტონიოს ყველაზე ბოროტ, უკეთურ ადამიანს უწოდებს.

პიესაში არსებული მიმტევებლობისა და შერიგების თემაზე საუბრისას აუცილებელია, გავითვალისწინოთ მილანის კანონიერი ჰერცოგის დამოკიდებულება კალიბანის მიმართ. კალიბანმა სცადა პროსპეროს ქალიშვილის , მირანდას, გაუპატიურება, მოგვიანებით მან დაგეგმა თავად პროსპეროს მკვლელობაც (მას შემდეგ რაც ნახა ახალი პატრონი, სტეფანო, რომელიც, კალიბანის აზრით, მას პროსპეროზე უკეთ მოეპყრობოდა). როგორ იქცევა „მიმტევებელი“ პროსპერო? შეუნდობს ის კალიბანს თავის დანაშაულს? არა. მიუხედავად იმისა, რომ კალიბანი პროსპეროს სხვა მტრებთან შედარებით ყველაზე უდანაშაულოა, ვინაიდან ის პრიმიტიული არსებაა, რომელსაც მთლიანად ველური ინსტინქტები განაგებს. ამგვარად, შეიძლება, თავისუფლად განვაცხადოთ, რომ პროსპერო ცრუ მიმტევებელია და, შესაბამისად, ცრუ შენდობასა და ურთიერთპატიებაზე დაფუძნებული შერიგებაც ვერ იქნება ჭეშმარიტი.

Comments

Popular posts from this blog

აღზრდა-განათლება ძველ საბერძნეთში

ლუარსაბ ბოცვაძის პედაგოგიური შეხედულებები